სტეფანო პიოლი - „მილანი“ ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა #1TVSPORT
სტეფანო პიოლი - „მილანი“ ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა #1TVSPORT

„მილანის“ მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების (1:0, 1:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის ნახევარფინალში გასვლას დამსახურებული უწოდა.

„ჩვენ ყველა აუტსაიდერად გვთვლიდა, მაგრამ ამ გუნდს დიდი გული აქვს. ეს არის დამსახურებული გამარჯვება. „მილანმა“ მოახერხა განსაკუთრებული გუნდის დამარცხება და დაამტკიცა, რომ კარგი ხედვებითა და დიდი გულით თამაშობს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახარეთ.

რაც შეეხება „როსონერის“ გამოყენებულ ტაქტიკურ მიდგომას. ჩვენ გადავწყვეტეთ შედარებით დაბალი პრესინგით გვეთამაშა. რატომ? იმის გამო, რომ ოსიმენს სათამაში სივრცეები არ ჰქონოდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მას თავისუფლად არ ემოქმედა.

საუკეთესო თამაში ჩაატარა კრუნიჩმა, რომელიც ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო. ის კარგად კითხულობს სიტუაციას, რაც ცოტას შეუძლია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მიხარია, რომ ახლა ყველამ იცის ამის შესახებ. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, მას დრო სჭირდებოდა, რადგან „მილანში“ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ის ძალიან გაიზარდა.

შესაძლოა, ნახევარფინალში „ინტერს“ შევხდეთ, რაც ორ ლამაზ დაპირისპირებას გვაჩუქებს. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და, რა თქმა უნდა, გაჩერება არ გვინდა. გუნდი მზადაა, ახალი მიზნების მისაღწევად გააგრძელოს ბრძოლა“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.