სტეფანო  დომენიკალი ფორმულა 1-ის ფორმატის ცვლილებას გეგმავს #1TVSPORT
სტეფანო  დომენიკალი ფორმულა 1-ის ფორმატის ცვლილებას გეგმავს #1TVSPORT

ფორმულა 1-ში დიდი ცვლილებები იგეგმება. ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სტეფანო დომენიკალის ახალი იდეები აქვს და ის Weekend-ის ფორმატის შეცვლას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფორმულა ერთის Weekend-ი შედგება სამი თავისუფალი პრაქტიკისგან, რომელთაგანაც ორი – პარასკევს, ხოლო ერთი შაბათს იმართება. ასევე შაბათს ტარდება კვალიფიკაცია კვირას გასამართი რბოლისთვის. შეცვლილი ფორმატი კი ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება: პარასკევს გაიმართება მხოლოდ ერთი პრაქტიკა და კვალიფიკაცია კვირის გრანპრისთვის, ხოლო შაბათს ერთწრიანი კვალიფიკაცია და სპრინტული რბოლა, კვირას კი მთავარი მოვლენა – გრანპრი.

ფორმატის ცვლილება ჯერ კიდევ 2021 წლის სეზონში დაიწყო, როდესაც რამდენიმე ტრასამ რბოლებს სწორედ სპრინტული ფორმატით უმასპინძლა. აჟიოტაჟი დომენიკალის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან ავსტრალიის გრანპრის შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ თავისუფალი პრაქტიკების გაუქმების მომხრეა, რადგან გულშემატკივარს ეს არ მოსწონს. თუმცა  Sky sport F1-სთვის მიცემული ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებენ მყისიერ ცვლილებებს და თავისუფალი პრაქტიკების სრულად გაუქმებას, მაგრამ, მისი თქმით, არაწორი იქნება, თუ ფორმატი არ შეიცვლება და არსებული სახით დარჩება. დომენიკალი ასევე დასძენს, რომ ის ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ცვლილებები ფორმულა 1-ს მეტად სანახაობრივს გახდის.

მოსალოდნელი ცვლილებების წინააღმდეგია მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ აღნიშნული ფორმატი შემოვა, ის ფორმულა 1-სგან სიამოვნებას ვეღარ მიიღებს და კარიერასაც მალე დაასრულებს. განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს სხვა მრბოლელებმა. „მერსედესის“ გუნდის წევრმა, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ფორმულა 1-ის ცოცხალმა ლეგენდამ, ლუის ჰემილტონმა ექსპერიმენტებზე პოზიტიურად ისაუბრა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ სპრინტული ფორმატი არაფერს შეცვლის მონაკოსა და უნგრეთის ტიპის ტრასებზე, ხოლო FIA-მ დამატებით გამოსავალი უნდა იპოვოს.

ასევე ცვლილებებს ემხრობა „მერსედესის“ პილოტი ჯორჯ რასელი, რომელსაც სამჯერ თავისუფალი პრაქტიკის გამართვა არ მოსწონს, თუმცა პრაქტიკების სრულიად გაუქმებას არ ემხრობა. შეგახსნებთ, რომ ფორმულა 1-ში გამართული უკანასკნელი სპრინტერული რბოლა ბრაზილიაში სწორედ რასელმა მოიგო. რაც შეეხება გულშემატკივრების მოსაზრებას, Sky sport F1-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 56.2% ემხრობა ძველ ფორმატს.

აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მის ირგვლივ დებატები არ წყდება, თუმცა ყველაზე ნათელი სურათი მოახლოებული აზერბაიჯანის გრანპრის შემდეგ გვექნება, სადაც ფორმატი პირველად 28-30 აპრილს გამოიცდება.

თემურ სურგულაძე