სტატუს-კვო შენარჩუნებულია - ქალთა ლიგაში „ნიკე“ ლიდერობს
სტატუს-კვო შენარჩუნებულია - ქალთა ლიგაში „ნიკე“ ლიდერობს

ქალთა საფეხბურთო ლიგაში მე-6 ტურის მატჩები გაიმართა – ქუთაისის „მართვემ“ ჩხოროწყუს „სამეგრელო“ 7:0 დაამარცხა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარიამ შონიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თამთა შენგელიამ – დუბლი, ერთი გოლი ლანა გორგაძის ანგარიშზეა. ამას გარდა, „მართვეს“ ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა თბილისის „ნიკემ“ ხობის „კოლხეთი“ 9:1 დაამარცხა. 2-2 გოლი ანა პოღოსიანმა, ლიზი მწყერაშვილმა და თამარ ტატუაშვილმა გაიტანეს. თითო კი – ლელა ჭიჭინაძემ, თეონა ბაქრაძემ და ნათია სხირტლაძემ.

მორიგი 3 ქულის მოპოვება არც „ნორჩ დინამოს“ გასჭირვებია, რომელმაც ამჯერად გათამაშების დებიუტანტი „მცხეთა“ 10:0 დაამარცხა. „დინამოდან“ ჰეთ-თრიკის შესრულება ეკატერინე ხარაიშვილმა და მარიამ მოდრეკილიძემ მოახერხეს. თითო გოლი მარიამ ჯანიკაშვილმა, ელენე კახნიაშვილმა, მარიამ ბეგიაშვილმა და ანი მინაძემ გაიტანეს.

ლანჩხუთმა“ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტს „თუშეთს“ პირველი ტაიმის შემდეგ 8:0-ს უგებდა, საბოლოოდ კი 12:0 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის, ხატია ჭყონიას ანგარიშზე ხუთი გოლია, ირინა ხაბურზანიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ნათელა წოწერიამ, ია ალელიშვილმა, მარიამ რომანჩუკმა, ნინო გუჯაბიძემ და ქეთევან ხრიკაძემ გაიტანეს.

საშინაო მატჩში სოხუმის „დინამომ“ გასვლაზე „ზარზმას“ ანა კულდონაშვილისა და თეა მეტრეველის გოლებით 2:1 სძლია. ასევე გასვლაზე მოიგო „გორი იუნაიტედმა“, რომელმაც ხაშურის „ივერია“ 3:0 დაამარცხა. დუბლი ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა, ერთიც – რუსუდან მანაგაძის. აჭარაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, „ბათუმისა“ და „კვარტალის“ შეხვედრა გადაიდო.

გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით, თბილისის „ნიკე“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“, ხოლო მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ მხოლოდ მესამეზეა. ქალთა ლიგის მომდევნო, მე-7 ტური 19 სექტემბერს გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლანჩხუთი“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლებს.