სტადიონის მშენებლობა მთავრდება - კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები ფილმს ავტომობილიდან უყურებენ
სტადიონის მშენებლობა მთავრდება - კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები ფილმს ავტომობილიდან უყურებენ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. დასრულდა საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები.

„აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება და დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო და გარე კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულდა საშხაპეების, გასახდელების, ვიპ და მედია ბოქსებისა და მედია-ლოჟის მშენებლობა. ასევე დასრულდა აუზებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა,“ – ამბობს შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯანა სურმანიძე.

შპს „სტადიონი“, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად „Cinema Park“ პროექტს იწყებს. „Drive In“ კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები და მისი სტუმრები, სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილიდან შეძლებენ.

არაა გამორიცხული, ეს ჩანაფიქრი საფეხბურთო სეზონის განახლებასაც უკავშირდებოდეს – პირველ ხანებში ახალ სტადიონზე მაყურებელს არ დაუშვებენ. ეს „ნოუ-ჰაუ“ პანდემიის დროს დანიელებმა მოიგონეს და ასეთი ფორმით, დიდი ეკრანის საშუალებით საყვარელ გუნდს ქომაგობენ.