სოფო ქაცარავა - აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო სანდო პარტნიორია
სოფო ქაცარავა - აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო სანდო პარტნიორია

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილება,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონგრესმენ ტედ პოს მოწოდება აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ პროცესისთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს.

„საქართველოს აქვს კარგი პრაქტიკა ევროკავშირთან, ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ამას ექნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დატვირთვა და კიდევ ერთი გზავნილი  იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ საქართველო არის სტაბილური, სანდო პარტნიორი, პროგრესზე და სტაბილურობაზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს რეფორმებს. თანმიმდევრული პროცესია, თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ განცხადებებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. კონგრესმენ ტედ პოს განცხადებაც იმის მტკიცებულებაა, რომ ამ პროცესს აქვს მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ეს საკითხი დგას და გავაგრძელებთ აღნიშნული თემის განხილვას”,- განაცხადა სოფო ქაცარავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა, ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა.