სრული სვლით -100 კგ-ში ლიპარტელიანი და ტაველური მერვედფინალში არიან
სრული სვლით -100 კგ-ში ლიპარტელიანი და ტაველური მერვედფინალში არიან

პარიზის დიდ სლემზე -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველს, ტურნირში ჩართვა პირველივე წრიდან მოუწია და ეტაპი ორივემ წარმატებით გადალახა.

ქართველმა გულშემატკივარმა ჯერ ტაველურის გამარჯვება იხილა. ქართველის მეტოქე პირველ შეხვედრაში, სლოვაკი – მიროსლავ ძური იყო.ლაშა თავიდან გაფრთხილებით ჩამორჩა, მაგრამ მალე მეტოქეს ვაზარი აუღო და ანგარიშში დაწინაურდა.

ამის შემდეგ ტაველურს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, სლოვაკმა ძიუდოსტმა კი ანგარიშის გათანაბრების მცდელობის ნაცვლად, პასიურობის გამო ზედიზედ ორი შიდო დაიმსახურა. საბოლოოდ საფინალო სირენამდე აღარაფერი შეცვლილა და ქართველი ძიუდოისტიც მერვედფინალში მშვიდად გავიდა, სადაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ტიტულოვან ჰოლანდიელს – მიქაელ კორელს დაუპირისპირდება.

თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდა, ვარლამ ლიპარტელიანისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის -ელ ეი სმიტის შეხვედრაც. ტაველურის მსგავსად, მეტოქეს „ლიპომაც“ ერთი ვაზარი აკმარა. მომგებიანი გდება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორთაბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეასრულა, მანამდე კი მეტოქეს შიდოთი უგებდა.

საბოლოოდ გამოცდილ ქართველ ფალავანს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია და თავის მესამე პარიზული ოქროსთვის ბრძლას აგრძელებს. ამ ტურნირის ორი ოქროს ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლიპარტელიანი, შემდეგ წრეში, ბელორუს – დანიელ მუკეტეს შეხვედება.