სროლა აშშ-ის ქალაქებში, დაჭრილი პოლიციელები, დაკავებული დემონსტრანტები, დარბეული ტაძარი და გაძარცვული მაღაზიები - ჩართავს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი პროცესში ეროვნულ გვარდიას

ძალადობაში გადაზრდილი მასობრივი პროტესტი – აშშ-ის ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩაცხრობას და ვითარების კონტროლს ვერ ახერხებს. სურათი სულ უფრო მძაფრდება და ყოველდღიურად იზრდება იმ ქალაქების რიცხვი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულმა აქციებმა და გარდაცვალებამდე ნათქვამმა სიტყვებმა მოიცვა. თეთრ სახლთან უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. 20-ზე მეტ შტატში ეროვნული გვარდიის 20 000 სამხედროა მობილიზებული.

განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება ნიუ იორკში, სადაც აქციაზე ათასობით ადგილობრივი გავიდა. პროტესტის მონაწილეების მხრიდან ისევ გრძლედება ვანდალიზმისა და მაროდიორობის ფაქტები. ნიუ იორკში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქში ერთკვირიანი კომენდანტის საათიც გამოაცხადეს. სულ ამერიკის 43 ქალაქში, ბოლო სამ დღეში 7200 ადამიანია დაკავებული. პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატების გუბერნატორებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.