„სქაი სპორტ იტალია“ - დღეს ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
„სქაი სპორტ იტალია“ - დღეს ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT

ტრავმისგან მომჯობინებული ლუკა ლოჩოშვილი, შესაძლოა, ერთთვიანი პაუზის შემდეგ „კრემონეზეს“ შემადგენლობაში „ტორინოსთან“ მატჩში დაბრუნდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი სპორტ იტალია“ ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტრავმის გამო სერია A-ში ოთხი მატჩი გამოტოვა, ხოლო იტალიის თასზე – 2 დაპირისპირება. ამ პერიოდში „კრემონეზეში“ მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი დაინიშნა, რომლის ხელძღვანელობითაც გუნდმა „ნაპოლი“ დაამარცხა და თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მაგრამ „კრემონეზე“ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია. „სქაი სპორტ იტალია“ ამტკიცებს, რომ „კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი ლოჩოშვილს, რომელიც ბოლო დღეებში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

„კრემონეზე“ 3-5-2 სქემით ითამაშებს. შემტევი დუეტი ჩოფანი და აფენა-გიანი იქნება. ვალერის მარცხნივ ვიხილავთ. ცვლილებები დაცვაშიც არის – მარცხენა ცენტრალურ მცველად ლუკა ლოჩოშვილი ემანუელ აივუს ნაცვლად ითამაშებს“, – ამტკიცებს „სქაი სპორტ იტალია“.

„კრემონეზე“ „ტორინოს“ დღეს სტუმრად ეთამაშება. სერია A-ს 23-ე ტურის ბოლო მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.