სკაი ბრაუნი - 10 წლის სპორტსმენი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა
სკაი ბრაუნი - 10 წლის სპორტსმენი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა

10 წლის სკეიტბორდერმა სკაი ბრაუნმა ქალაქ სალფორდში გამართული დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო და სავარაუდოდ 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი ოლიმპიელი გახდება. ბრაუნმა 308 ქულა დააგროვა და 33 ქულის სხვაობით აჯობა მეორეადგილოსან ემი რემს.

„ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ძალიან ვისიამოვნე“, – განუცხადა 10 წლის სპორტსმენმა „ბიბისის“ (BBC) ჟურნალისტს, – „ცოტათი უკეთესადაც შეიძლებოდა გამოსვლა, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ“.

სკეიტბორდი ოლიმპიური სპორტი სულ ცოტა ხნის წინ გახდა და 2020 წელს, ტოკიოს თამაშებზე, მისი დებიუტი შედგება.

აღსანიშნავია, რომ სკაი ბრაუნი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მისი მამის თქმით, მაისში სამშობლოში დაბრუნდება, რათა სერფინგის ეროვნულ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.