სპორტული კარატე | ორი ოქრო და ერთი ვერცხლი თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
სპორტული კარატე | ორი ოქრო და ერთი ვერცხლი თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

„თბილისი არენაზე“ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის სპორტულ კარატეში. შეჯიბრებაში 49 ქვეყნის 1160 სპორტსმენი მონაწილეობდა და სამ დღეს გაგრძელდა (9-11 თებერვალი).

საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ჩემპიონები გახდნენ კადეტთა შორის გიგი ალანია (-52 კგ) და იუნიორთა შორის უტა ფონიავა (-68 კგ). უტა ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასეთივე შედეგის გამეორების კარგი შანსი ჰქონდა იკა სულამანიძეს, რომელიც თბილისურ ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა, თუმცა ცოტა დააკლდა – ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიგი ალანიამ ფინალის საგზური შეჯიბრების პირველ დღეს, 9 თებერვალს მიიღო, გადამწყვეტი ბრძოლა 11 თებერვალს გაიმართა. გიგის მეტოქე უკრაინელი მაქსიმ ვეჩკანოვი იყო, რომელთანაც ქართველმა სპორტსმენმა 2:0 გაიმარჯვა.

უტა ფონიავამ კი თურქეთის წარმომადგენელი მუსტაფა ორგაგლი დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ჩვენი გუნდი ტურნირზე 26 სპორტსმენით ასპარეზობდა:

კადეტები

გოგონები: ელიზაბეტ კურაზიანი -47 კგ, ლიზი ცხომარია -54 კგ, მაკა კუხალაშვილი -61 კგ, ალექსანდრა ბერინაშვილი 61+ კგ.

ვაჟები: გიგი ალანია -52 კგ, გიორგი კალატოზიშვილი -57 კგ, ერეკლე ნოზაძე -63 კგ, ნიკოლოზ აბულაძე -70 კგ, ნიკო კონჯარია 70+ კგ.

იუნიორები

გოგონები: ელენე ჩიტიშვილი -52 კგ, ელენე მარკოზია -59 კგ, მარია ჯანგიძე -66 კგ, ლია ხურცილავა (კატა).

ვაჟები: ნოდარ სუპატაშვილი -55 კგ, დავით დავითური -61 კგ, უტა ფონიავა -68 კგ, ლუკა ლობჯანიძე -76 კგ, ნიკოლოზ გიგაური 76+ კგ.

21-წლამდელები

გოგონები: მარიამ ვასაძე -50 კგ, ვენერა ახობაძე -55 კგ, ანი პატრიშვილი -61 კგ.

ვაჟები: ჯემო მიქელაძე -60 კგ, იკა სულამანიძე -67 კგ, ანზორ დონაძე -75 კგ, ტიმოთე დუგლაძე -84 კგ, მერაბ გელაშვილი 84+ კგ

მწვრთნელები: გოგიტა არქანია, ლაშა კოდუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოჩა ვალიშვილი.

„საქართველოში დიდი მასშტაბის ღონისძიება ჩატარდა. ასეთი შეჯიბრების ორგანიზება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციამ ყველაფერს თავი იდეალურად გაართვა. ამას დავუმატოთ ქართველი სპორტსმენების შედეგები (ორი ოქრო და ერთი ვერცხლი) და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო კარატეში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“, – აღნიშნა სპორტული კარატეს მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავორ ციპეკმა.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ გიგნაძემ დროშა საზეიმო ვითარებაში გადასცა პოლონელ კოლეგას, პაველ პოლტოჩეცკის. სწორედ ამ ქვეყნის ქალაქ ბიელსკო ბიავაში გაიმართება ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2025 წელს.