სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მას ძალადობაში დასდეს ბრალი
სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მას ძალადობაში დასდეს ბრალი

ტანვარჯიშში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჯონ გედერტმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს ძალადობაში, მათ შორის, სექსუალური ხასიათის. ამის შესახებ ტელეკოპანია CNN-მა დაწერა მიჩიგანის გენერალურ პროკურორზე დან ნესელზე დაყრდნობით.

ამ ინციდენტამდე ორი დღით ადრე, ნესელმა 63 წლის გედერტს ბრალი წაუყენა ადამიანებით ვაჭრობასა და ათობით ტანმოვარჯიშის მიმართ ძალადობაში. მათ შორის, მინიმუმ ერთი შემთხვევა სექსუალური ხასიათისა იყო. პროკურორის ინფორმაციით, მწვრთნელი ვარჯიშების დროს ზედმეტად მკაცრი მეთოდებით ხელმძღვანელობდა, უგულვებელყოფდა სპორტსმენთა ტრავმებს და აშინებდა მათ.

პროკურორმა გედერტი ასევე დაადანაშაულა ცრუ ჩვენების მიცემაში აშშ-ის სპორტული ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმის ლარი ნასარის საქმეზე, რომელსაც 2018 წელს, სექსუალური ძალადობისთვის 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გედერტი 27 თებერვალს უნდა წარმსდგარიყო სასამართლოს წინაშე. მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

გედერტის ხელმძღვანლობით, სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრებმა გუნდური პირველობა მოიგო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.