სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს
სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ), სპორტის მენეჯმენტის კურსების 15 წარმატებულ მსმენელს, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის დიპლომები სეოკ-ის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

სპორტის მენეჯმენტის კურსები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (სოკ) პროგრამული დაფინანსებით ტარდება, რაც კურსდამთავრებულებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს.

კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამების დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.

რუსუდან აფციაური, სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამების დირექტორი: „დაარსების დღიდან, სეოკ-ი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. მენეჯმენტის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტის მენეჯმენტის კურსები 2014 წლიდან ტარდება და მოხარული ვარ, რომ წარმატებით ხორციელდება“.

ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პრეზიდენტი: „ჩვენთვის სპორტის მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება ბევრს ნიშნავს, რადგან რაც უფრო მეტი კურსდამთავრებული გვეყოლება, მით უფრო განვითარდება ოლიმპიური მოძრაობა“.

ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი: „მსგავსი კურსები ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმართება და შედეგებიდან გაირკვა, რომ საქართველოში უფრო ეფექტურად და ხარისხიანად ტარდება. ასეთი პროექტები გვაძლიერებს, რადგან მენეჯმენტის ქართული სპორტის „აქილევსის ქუსლია“, 15 კურსდამთავრებული კი უკეთეს ხვალინდელ დღეს ნიშნავს“.

ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: „იმედია, ეს ცოდნა-გამოცდილება სამომავლოდ გამოგადგებათ. სპორტი დინამიურად ვითარდება, სწავლა ყოველდღიურადაა საჭირო და ჩვენი მიზანია, ახალ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ“.