სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის - კომპაქტურ დასახლებაში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა #1TVSPORT
სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის - კომპაქტურ დასახლებაში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა #1TVSPORT

სპორტის, მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის კომპაქტურ დასახლებაში საფეხბურთო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა – ორგანიზატორი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო იყო.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ამხანაგურ შეხვედრაში აფხაზეთიდან დევნილი გოგონებისა და ვაჟების საფეხბურთო გუნდების წევრები მონაწილეობდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამწვანების აქცია მოაწყვეს.

„სააგენტო ყოველწლიურად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და ვერთვებით „თეთრი ბარათის“ კამპანიაში, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა. ამავე დროს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უცხო არაა და გადავწყვეტეთ, ამ ქვეყნისადმი სოლიდარობა გამოგვეხატა“, – ამბობს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.