„სპორტ24“-ის მოულოდნელი ვერსია - „ლოკომოტივს“ კვირკველიასთან თანამშრომლობა სურს
„სპორტ24“-ის მოულოდნელი ვერსია - „ლოკომოტივს“ კვირკველიასთან თანამშრომლობა სურს

გამოცემა „სპორტ24“ ამტკიცებს, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„რკინიგზელებს 28 წლის მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ. ეს იმის გამოა, რომ ქართველ მცველს სხვა გუნდებიდან შეთავაზება არ აქვს“ – ამტკიცებს „სპორტ24“.

ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის აქამდე გავრცელებულ ცნობებთან, რომელთა თანახმადაც, კვირკელია გუნდს ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის წასვლის გამო დატოვებდა. ამავე დროს, იყო ინფორმაცია, თითქოს ქართველი მცველით „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და ვოლგოგრადის „როტორი“ დაინტერესდნენ.

საქართველოს ნაკრების მცველს მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში საბა კვირკელიამ რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა – ოთხი რუსეთის პრემიერლიგაში, თითო კი ჩემპიონთა ლიგასა და რუსეთის თასზე.

ოფიციალური ცნობით, კვირკველიას უთამაშებლობის მიზეზი ტრავმები იყო, ხოლო არაოფიციალურით – საბა „ლოკომოტივის“ ხელძღვანელების დაპირისპირებაში მოყვა. გამოცემა „ჩემპიონატის“ ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ბოლო ინტერვიუში ქართველ მცველს გულისხმობდა, როდესაც თქვა:

„მე ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ვაყენებ და შემდეგი ეტაპისთვის ვამზადებ, მთლიანად და ბოლომდე ვენდობი. აღმასრულებელი დირექტორი მასთან მიდის და ეუბნება, გუნდს დატოვებ და ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილისთვის ნახევარ ხელფასს მოგცემთო“.