„სპორტ-ექსპრესი“ - სიომინი კვირკველიას „როსტოვში“ წაიყვანს #1TVSPORT
„სპორტ-ექსპრესი“ - სიომინი კვირკველიას „როსტოვში“ წაიყვანს #1TVSPORT

ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერის, „როსტოვის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა ვალერი კარპინმა რუსეთის ნაკრები ჩაიბარა.

იური სიომინი ავარჯიშებდა მოსკოვის „ლოკომოტივს“ და ქართველი ფეხბურთელებისადმი კეთილგანწყობითაა ცნობილი – მის ხელში ითამაშეს ზაზა ჯანაშიამ, მალხაზ ასათიანმა, საბა კვირკველიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ… სხვათა შორის, კვირკველია „ლოკომოტივიდან“ იმის გამო წავიდა, რომ ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებისას, სიომინს მხარი ღიად დაუჭირა.

ამ ყველაფრის გამო, პოპულარული გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ მიმომხილველი იგორ რაბინერი ვარაუდობს, რომ „როსტოვის“ ახალი მწვრთნელი კლუბს 29 წლის გამოცდილი ქართველი მცველით გააძლიერებს.

„ვის მიიყვანს სიომინი? კვირკველიას, სიომინის საჩემპიონოდ აღზევებული „ლოკომოტივის“ დაცვის ბურჯს, რომელიც გასულ წელს „როტორთან“ ერთად ლიგიდან გავარდა – ის ხომ კვლავ თავისუფალი აგენტია“, – წერს იგორ რაბინერი.