სპეციალურმა პროკურორმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიება დაასრულა
სპეციალურმა პროკურორმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიება დაასრულა

აშშ-ში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიება დასრულდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა ქვეყნის გენერალურ პროკურორს ჩააბარა ანგარიში, რომელზეც მუშაობდა.

ახლა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი და მისი ჯგუფი დოკუმენტს გაეცნობიან. გავრცელებული ცნობით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების სპეციალური პროკურორის ანგარიშში აქამდე წაყენებული ბრალდებების გარდა ახალი რეკომენდაციები არ არის.

მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორი და მისი ჯგუფი ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან, დოკუმენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარადგენენ. ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა დოკუმენტის გარკვეული ნაწილები რამდენიმე გავლენიან სენატორს უკვე გადასცა.

რობერტ მიულერის გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახლა ყველაფერი გენერალურ პროკურორზეა დამოკიდებული. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტი არ მიუღია.

რაც შეეხება დოკუმენტის გასაჯაროებას, ქვეყნის გენერალური პროკურორი ბრალის ოფიციალურ წაყენებამდე ანგარიშის გასაჯაროების წინააღმდეგი იყო, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კონგრესში წარდგენის შემდეგ დოკუმენტის საკვანძო დეტალები გასაჯაროვდება.

რობერტ მიულერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს 2017 წლის შემდეგ იძიებდა. საქმის ფარგლებში რობერტ მიულერმა ბრალი 30 ადამიანს წაუყენა. მათ შორის არის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რამდენიმე საკვანძო ფიგურა, კერძოდ პოლ მანაფორტი, ჯორჯ პაპადოპოლუსი, როჯერ სტოუნი, ასევე მაიკლ ფლინი და მაიკლ კოენი.