სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს მიმართავს, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის საქმე შეწყდეს
სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს მიმართავს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის საქმე შეწყდეს. წარდგენილ დოკუმენტში სმიტი აღნიშნავს, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.
„იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციით, კონსტიტუცია მოითხოვს ამ საქმის გაუქმებას ბრალდებულის ინაუგურაციამდე“, – აღნიშნავს სმიტი სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.
როგორც სპეციალურმა პროკურორმა აღნიშნა, მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა გარემოებები.
ცნობისთვის, წარსულში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში სმიტს გაათავისუფლებდა. როგორც მედია აღნიშნავს, 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეები უპრეცედენტოა ამერიკის ისტორიაში.