სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პატიმარზე მედიით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პატიმარზე მედიით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ პატიმარზე მედიით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

„ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მიერ 2020 წლის 15 იანვარს გავრცელდა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ გ. პავლიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ეს ინფორმაცია არის ყალბი და გადაუმოწმებელი. ვინაიდან მოცემული პატიმარი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმყოფებოდა ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ვარდება, დაზიანებას იღებს უნიტაზზე სახის დარტყმის შედეგად და მოსდის ჭარბად სისხლი (ინფორმაციისთვის: ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში საპირფარეშოს კუთხე ყოველთვის არის დაფარული და მასზე ვიზუალური კონტროლი არ მიმდინარეობს).

ზოგადი ინფორმაციისთვის, ბრალდებული გ. პავლიაშვილი (დაბ: 1977 წ.), 2020 წლის 8 იანვარს, დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით. 2020 წლის 10 იანვარს ბრალდებული N8 დაწესებულებაში მოათავსეს.

2020 წლის 13 იანვარს 04:00 სთ-ზე ბრალდებულს გამოეხატა ძლიერი ფსიქომოტორული აგზნება, იყო აგრესიული, ჰქონდა მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ალკოჰოლის მიღების აღკვეთით, პაციენტს გაეწია პირველადი სიმპტომური დახმარება (რელანიუმი, ტიზერცინი კუნთებში) და უსაფრთხოების მიზნით მოთავსდა დეესკალაციის ოთახში.

2020 წლის 13 იანვარს, ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს დიაგნოზით: ალკოჰოლის ხანგძლივი მოხმარებით (დაკავებამდე) გამოწვეული ქცევითი და ფსიქიური აშლილობა, ფსიქოზური რეგისტრის, უპირატესად ჰალუცინატორული“, – აცხადებენ პენიტენციუსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული იყო მოუსვენრად, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, დადიოდა პალატაში, ბუტბუტებდა თავისთვის.

„ბრალდებული აცხადებდა, რომ ესმის „დაწიოკებული ცოლ-შვილის წივილ-კივილის ხმები“, იქცეოდა არაადეკვატურად. 18 სთ-ზე სედაციის მიზნით ერთჯერადად გაუკეთდა თითო ამპულა ჰალოპერიდოლი (5მგ), რელანიუმი (10მგ) და ტიზერცინი (25მგ)-კუნთში, რის ფონზეც პაციენტი შედარებით დამშვიდდა, თუმცა ღამის საათებში კვლავ აღენიშნა ძლიერი აღგზნება და 2020 წლის 13 იანვარს, 23:32 სთ-ზე მოთავსებულ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც 01:29 სთ-ზე (14 იანვარს), დავარდნის შედეგად მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.

2020 წლის 14 იანვარს, 01:30 სთ-ზე გაისინჯა მორიგე ქირურგის მიერ – პაციენტს აღენიშნებოდა სისხლდენა ცხვირიდან, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის არეში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეუჩერდა სისხლდენა. დაიგეგმა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაცია და ცხვირის ძვლების დგომის შეფასება.

2020 წლის 14 იანვარს, 11:30 სთ-ზე გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია. ბრალდებული კვლავ აგზნებული და არაადეკვატური იყო, რის გამოც სედაციის მიზნით კუნთში გაუკეთდა 1 ამპულა ჰალოპერიდოლი (5მგ), 1 ამპ. რელანიუმი (10მგ) და 1 ამპ. ტიზერცინი (25მგ).

2020 წლის 14 იანვარს, 12:45 სთ-ზე გამოყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახიდან. მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა ცხვირის ძვლების რეკონსტრუქცია. ამჟამად ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალდებულის მიერ დაზიანების მიღების შესახებ იმავე დღეს ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

დატოვე კომენტარი