სპარინგი სანაკრებო პაუზაზე - ბათუმის „დინამო“ თურქეთის სუპერლიგელს დაუზავდა [ვიდეო]

ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზაზე ამხანაგური შეხვედრა გამართა – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერი თურქეთში გაემგზავრა და „რიზეს“ დაუზავდა.

გუნდის ხელმძღვანელობამ ერთკვირიანი შესვენება ხანმოკლე შეკრების მოსაწყობად გამოიყენა – გუნდი თურქეთის ქალაქ რიზეში სამი დღე იმყოფებოდა, სადაც „რიზეს“ ბაზაზე ემზადებოდა.

მე-7 წუთზე ანგარიში ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. 68-ე წუთზე, „რიზეს“ ლეგიონერმა, სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველმა, ამედეი ვერტიჰმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში „რიზე“ მე-14 ადგილზეა. საინტერესოა, რომ თურქებმა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბეს – გუნდში 11 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი ირიცხება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება 31 ტურის თამაშებით 19 ოქტომბერს განახლდება, ბათუმის „დინამო“ კი 20 ოქტომბერს ითამაშებს – გია გეგუჩაძის გაწვრთნილები გორში „დილას“ დაუპირისპირდებიან.