სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ზეციდან დაჯილდოებული მოთამაშეა და მეტს თუ იმოძრავებს, გუნდს საქმეს გაუადვილებს #1TVSPORT
სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ზეციდან დაჯილდოებული მოთამაშეა და მეტს თუ იმოძრავებს, გუნდს საქმეს გაუადვილებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ „მონცასთან“ წაგების (0:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა და განმარტა, რა უნდა გააკეთონ ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“, რათა მსგავსი მარცხი თავიდან აიცილონ.

„როდესაც მარცხდები, ყოველთვის არის გაღიზიანება როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში. პროფესიონალი ხარ არა იმიტომ, რომ დიდი ანაზღაურება გაქვს, არამედ იმიტომ, რომ პროფესიონალივით იქცევი.

„ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ ჩემპიობობა ვიზეიმეთ, შემდეგ ვარჯიშზე კარგად ვიმუშავეთ და ის, რაც დღეს მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. თამაში თითქოს გაუმჯობესდა, როცა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, თუმცა მას რაღაცას ვურჩევდი. კვარაცხელია ძალიან კარგად არის ბურთთან, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, როცა ბურთი არ აქვს და სხვები მისდევენ. თუ ის სწორ პოზიციაზე იქნება, თანაგუნდელებს შეზღუდულ სივრცეებში თამაში გაუადვილდებათ.

თქვენ ხედავთ, როცა ხვიჩას ბურთი აქვს, ყველას ეშინია და მისკენ მირბის, ასე კი „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელებს სივრცეები ეხსნებათ. მას ასევე შეუძლია, თავისი ოსტატობით გადალახოს ნებისმიერი დაცვა, რადგან ის ზეციდან დაჯილდოებული მოთამაშეა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.