სპალეტი კვარაცხელიას იცავს - მე ვიქნები პირველი, ვინც ხვიჩას დაიცავს და ამ ყველაფერში დაეხმარება #1TVSPORT
სპალეტი კვარაცხელიას იცავს - მე ვიქნები პირველი, ვინც ხვიჩას დაიცავს და ამ ყველაფერში დაეხმარება #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა და განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელები „ინტერთან“ 0:1 წაგების შემდეგ აღელვებულები არიან.

პრესკონფერენციის დაწყებამდე სპალეტიმ მწუხარება გამოთქვა იტალიის ნაკრების ყოფილი ლიდერის, ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების გამო. შემდეგ კი „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჯანლუკა ვიალის წინააღმდეგ პირველად 1985 წელს ვითამაშე. ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაშინვე ჩანდა მისი თვისებები. მას ჰქონდა დიდი ქარიზმა და მოედნის შესანიშნავი ხედვა. ის იყო ერთ-ერთი პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას მიაღწია პრემიერლიგაში, ჯერ – როგორც მოთამაშემ და შემდეგ – როგორც მწვრთნელმა. მახსოვს მისი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. ვიალისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.

რა ისწავლა „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ? ის, რომ შეიძლება კონკურენტებს რვა ქულით ვუსწრებდეთ, მაგრამ უპირატესობა მხოლოდ ხუთ ქულამდე შემცირდეს. რეალურად ეს არის ჩაგდებული მატჩის საფასური.

ნებისმიერი გუნდი შეიძლება დამარცხდეს. მთლიანობაში, სეზონი ჩვენთვის ჯერ კიდევ წარამტებულია, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ვნერვიულობთ. „ინტერის“ წინააღმდეგ რაც დავგეგმეთ, ვერ შევასრულეთ – ამიტომ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი თუნდაც ამ ხუთქულიანი უპირატესობით.

ჩვენ გვინდა, მოვიგოთ რთული თამაშები იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. „სამპდორიასთან“ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ვფიქრობ, მან ვერ შეძლო საკუთარი თამაშის ჩვენება. თუმცა ამისთვის მცდელობა არ დაუკლია. „ინტერის“ დაცვაში ეძებდა თავისუფალ ზონებს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გარკვეულ მომენტებში თავდაჯერებულად ითამაშა. ჩვენ ვხედავთ, რომ „კვარა“ წინ მიდის და საჭირო დროს გადამწყვეტი მოთამაშე გახდება. მე ვიქნები პირველი, ვინც მას დაიცავს და ამ ყველაფერში დაეხმარება“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.