სპალეტი გარსიას იცავს - ფრანგი მწვრთნელი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
სპალეტი გარსიას იცავს - ფრანგი მწვრთნელი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხვა „ნაპოლიდან“ რუდი გარსიას გათავისუფლებაზეც დაუსვეს.

„ვიცოდი, რომ „ნაპოლისთან“ დაკავშირებით მკითხავდით და პასუხი წინასწარ მოვამზადე. ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები და ისტორია აქვს. ის უნდა განსაჯოთ იმის გამო, თუ ვინ არის და შეეცადა თუ არა გუნდის გაუმჯობესებას. გარსიას დიდ პატივს ვცემ, მან აჩვენა, რომ პატივსაცემი და გაწონასწორებელი პიროვნებაა.

პირველივე წუთიდან დაიწყო მისი ყოფილ მწვრთნელებთან შედარება, რაც არასწორი იყო. „ნაპოლიმ“ გასულ სეზონში დიდი წარმატებას მიაღწია, რაც ლამაზი ისტორიის ნაწილია და დიდი ემოციები გამოიწვია. ამის შემდეგ პოზიციის შენარჩუნება ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდებოდა“, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ თანამდებობა დატოვა, ცოტა ხანში კი იტალიის ნაკრები ჩაიბარა.

ამასობაში, რუდი გარსიას „ნაპოლიდან“ წასვლა Sky Sports-მა დაადასტურა, ახლა მხოლოდ დროის საკითხია, რომ კლუბმა ოფიციალურად დაადასტუროს მწვრთნელის გათავისუფლება. Radio Marte-ს ცნობით, ფრანგი მწვრთნელი უკვე სამშობლოში დაბრუნდა და ნიცაში ოჯახთან ერთადაა.

„კარიერის ასეთ რთულ მომენტში გარსიამ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა აირჩია და არ დაელოდა მისი გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ განცხადებას, რაც ახლა საეჭვოდ აღარ გამოიყურება“, – ამტკიცებს Radio Marte.