„სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და საქართველოს სუპერთასის ფინალშია #1TVSPORT
„სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და საქართველოს სუპერთასის ფინალშია #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მეორე ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის წევრმა, თბილისის „სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

აშკარა იყო, რომ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი ევროთასებამდე ძირითადი შემადგენლობის დამალვას ცდილობდა, ამით „სპაერმა“ ისარგებლა და თამაში მოულოდნელი სცენარით წარიმართა.

44-ე წუთზე „ტორპედოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რის შემდეგაც ბოლო იმედის ჯარიმისთვის ქუთაისელთა ცენტრალური მცველი ერიკ პიმენტელი მოედნიდან გააძევეს. თუმცა საბა გეგიაძემ ბურთი კარს ააცილა და „სპაერმა“ დაწინაურების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

შესვენების შემდეგ „ტორპედოს“ მწვრთნელმა თამაშის გაძლიერება სცადა — მოედანზე მატეი სიმიჩი და ლადო მამუჩაშვილი გამოჩნდნენ, თუმცა მეორე ლიგის წარმომადგენელმა „სპაერმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მასპინძლებს შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. ქუთაისელთა მეკარემ, ოთარ გოშაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც, სუპერთასის დებულების შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიანების შესრულება უკეთ „სპაერის“ ფეხბურთელებმა შეძლეს. მათმა მეკარემ, ბუხუტი ფუტკარაძემ კი მატეო ითრაქისა და საბა კვირკველიას დარტყმები მოიგერია. საბოლოოდ, „სპაერმა“ 4:2 გაიმარჯვა და სუპერთასის ფინალში გავიდა, სადაც გორის „დილას“ დაუპირისპირდება.