„სპაერმა“ და „თელავმა“ ფრედ ითამაშეს - ამ წყვილში გამარჯვებული საპასუხო მატჩში გამოვლინდება #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი აუტში „თელავი“ სტუმრად ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასულ თბილისის „სპაერს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა. თავიდან უფრო მეტად „თელავი“ აქტიურობდა. მერე კი „სპაერმა“ თამაში გამოასწორა და ეროვნული ლიგის გუნდს დიდი წინაააღმდეგობა გაუწია. სახიფათო გამოდგა კობა ქებურიასა და დავით ნაჭყებიას შეტევები, მაგრამ ორივე უშედეგოდ დასრულდა.
36-ე წუთზე 19 წლის საბა გეგიაძემ „თელავის“ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლოდან დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.
მეორე ტაიმში „თელავმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. სტუმრები სახიფათოდ უტევდნენ და შედეგსაც მიაღწიეს – 61-ე წუთზე თელაველთა სწრაფი კონტრშეტევა ირაკლი რუხაძის გოლით დასრულდა – 1:1.
მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა საპასუხო შეხვედრაში გამოვლინდება, რომელიც 10 დეკემბერს თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.