„სპაერის“ მწვრთნელი სუპერთასის ფინალზე - დამარცხებას უნდა შევეგუოთ, „დილასთან“ ენერგია და გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT
„სპაერის“ მწვრთნელი სუპერთასის ფინალზე - დამარცხებას უნდა შევეგუოთ, „დილასთან“ ენერგია და გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT

სპაერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანზორ კიღურაძემ კომენტარი გააკეთა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალზე, სადაც მისი გუნდი გორის „დილასთან“ 0:2 დამარცხდა და ტიტული ვერ მოიპოვა.

„პირველ რიგში, მინდა, გორის „დილას“ სუპერთასის მოპოვება მივულოცო. თამაში ნამდვილად კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ენერგია აღარ გვეყო. ეროვნული ლიგის გუნდებთან თამაშებით განებივრებულები არ ვართ და, შესაბამისად, გამოცდილებაც დაგვაკლდა.

დამარცხებასაც უნდა შევეგუოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. სამომავლოდ უნდა შევეცადოთ, რომ გადამწყვეტ მატჩებში უკეთესად ვითამაშოთ.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „აუსტრიას“ შევხვდებით და მჯერა, „დილასთან“ მატჩი სასარგებლო იქნება. ამიტომ ამ თამაშიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ „აუსტრიასთან“ შეხვედრაში გუნდი უკეთ გამოიყურებოდეს“.

საქართველოს თასის მფლობელი „სპაერი“ ევროთასებზე პირველად ითამაშებს – კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 24 ივლისს ვენაში „აუსტრიასთან“ გამართავს, 31 ივლისს კი ავსტრიელებს თბილისში უმასპინძლებს.