„სპაერის“ მწვრთნელი – სუპერთასის ფინალში „დილასთან“ რთული შეხვედრა გველის #1TVSPORT
საქართველოს მეორე ლიგის კლუბის, „სპაერის“ მთავარმა მწვრთნელმა, აზუკა კიღურაძემ საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი პირველ არხს მისცა. მისი გუნდი სლავა მეტრეველის სახელობის ტურნირის ფინალში გავიდა – ქუთაისის „ტორპედო“ პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.
„რთული თამაში გამოდგა და შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. პირველი ტაიმის ბოლოს ქუთაისელებს მოთამაშე გაუძევეს და პენალტი რომ გამოგვეყენებინა, თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა.
შესვენების შემდეგ კაცნაკლულ მეტოქეს ვეთამაშებოდით, მაგრამ ასეთი უპირატესობით ვერ ვისარგებლეთ. ბიჭებით კმაყოფილი ვარ – ვფიქრობ, მეორე ტაიმი კარგად დავგეგმეთ. ჩვენდა საბედნიეროდ, სათასო შეხვედრებში პენალტების სერიაში უკვე გვაქვს გამოცდილება და ახლაც ასე მოვიგეთ.
სუპერთასის ფინალში გორის „დილას“ შევხვდებით – ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს საქართველოში. ამიტომ რთული მატჩი გველის. თან ამ ნახევარფინალში დიდი ენერგია დავხარჯეთ და ახლა მთავარი ამოცანაა, 2 ივლისისთვის დაგეგმილ ფინალამდე კონდიციების აღდგენა.
რაც შეეხება კონფერენსლიგას – „სპაერი“ ევროტურნირზე პირველად ითამაშებს. ვაპირებთ თუ არა გაძლიერებას? – ეს 99 პროცენტით გამორიცხულია. კონფერენსლიგაზე იმ შემადგენლობით გავალთ, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო. კლუბში გადავწყვიტეთ, ამ ბიჭებს მივცეთ შანსი, რადგან ნამდვილად იმსახურებენ“, – განაცხადა კიღურაძემ.