სოზარ სუბარი - უკეთესი იქნებოდა, დეგნანს დაეგმო თავისი ქვეყნის კონგრესმენის, კინზინგერის განცხადება, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და საქართველოდან უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა უნდა გაყარონ
სოზარ სუბარი - უკეთესი იქნებოდა, დეგნანს დაეგმო თავისი ქვეყნის კონგრესმენის, კინზინგერის განცხადება, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და საქართველოდან უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა უნდა გაყარონ

დადებითი მხოლოდ ის არის, რომ იკადრა და მივიდა იმ ტელევიზიაში, რომელიც რეცვოლუციის მოწყობით არ არის დაკავებული და რევოლუცია არ არის მისი მთავარი მიზანი; აქამდე ასე არ იქცეოდა, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ.

სუბარის შეფასებით, ელჩი ინტერვიუში არ იყო გულწრფელი და მოქმედებდა ორმაგი სტანდარტებით.

„ეს ერთი შედეგი ჩვენი კითხვების დასმისა. სხვა მხრივ, რაც შეეხება ინტერვიუს, კელი დეგნანი არ იყო გულწრფელი, არ ამბობდა სიმართლეს, თავს არიდებდა პასუხებს ან გადმოდიოდა შეურაცხყოფებზე და ეს არ არის კარგი საქციელი ელჩისთვის ზოგადად და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩისთვის. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და თან იქ იყენებდა იმ ორმაგ სტანდარტს, სადაც ავლენდა თავის არცთუ კეთილგანწყობას საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. მისი თქმით, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ბატონი კინზინგერი მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლებს, რომ ჩადით საქართველოში და ეს პრორუსი ხელისუფლება გაყარეთ იქიდან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის წევრის და თურმე, ეს მისი საქმე არ არის; მაგრამ, როდესაც ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვუსვამთ კითხვებს ქალბატონ კელი დეგნანს, თურმე ეს არის პრორუსული დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს და ვინც პრორუსულ ინფორმაციას ემსახურება საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების შემოტანა, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ელჩი გვიყურებს არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის წევრებს, არამედ გველაპარაკება ზემოდან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე გადმოდის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, კელი დეგნანის სწორი პოზიცია იქნებოდა, დაეგმო და გამიჯვნოდა კინზინგერის განცხადებას.

„უკეთესი იქნებოდა, დეგნანს მიეცა შეფასება, რომ თავისი ქვეყნის, მისი წარმომგზავნი ქვეყნის კონგრესმენის განცხადება, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და ის უნდა გაყარონ თურმე იარაღის ძალით საქართველოდან უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ეს არის მიუღებელი განცხადება და რომ ის ამას ემიჯნება და გმობს. ეს იქნებოდა სწორი პოზიცია. ის გაურბოდა კითხვებს, როდესაც უსვამდნენ შეკითხვას, ემიჯნება თუ არა ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიტორიკას, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებებს აკეთებენ. ის გვაყენებდა შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულიად დაუმსახურებლად და პირდაპირ ვიტყვი, თუ ვინმე ემსახურება საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას, ეს არის ასეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენება. როგორც იძულებული გახდა ქალბატონი კელი დეგნანი, მიუხედავად იმისა რომ აარიდა თავი ამ კითხვას, ეღიარებინა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა სამსაათიანი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ასევე იმედი მაქვს, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რომელიც დაუსვა მას ჩვენმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა – ესწრებოდა თუ არა აკერმანის სემინარს ბაკურიანში, სადაც საქართველოში რევოლუციის მოწყობის გზებზე მსჯელობდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.