სოზარ სუბარი - შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა შეაფასოს, რა ჰქვია უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას
სოზარ სუბარი - შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა შეაფასოს, რა ჰქვია უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას

შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა შეაფასოს, რა ჰქვია უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, – გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი.

სუბარი აღნიშნავს, რომ ჩანაწერების ფაბრიკაცია მიხეილ სააკაშვილის სტილია.

„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება – მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას.

ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა ის. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.