სოზარ სუბარი - სასამართლოში ვნახეთ მკვეხარა, ბაქია სააკაშვილი, რომელიც ცდილობს, თავისი დანაშაული თანაგუნდელებს გადააბრალოს
სოზარ სუბარი - სასამართლოში ვნახეთ მკვეხარა, ბაქია სააკაშვილი, რომელიც ცდილობს, თავისი დანაშაული თანაგუნდელებს გადააბრალოს

გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა; ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს; სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას.

„სამაგიეროდ, ვნახეთ ადამიანი, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობა არის ფეიკი და მოგონილი ამბავი; რომ წამება მის პერიოდში არ ხდებოდა და ცდილობს, რომ თავისი დანაშაული გადააბრალოს თანაგუნდელებს ან ნებისმიერ სხვას“, – აცხადებს სუბარი.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გაექცევა ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს.

„როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყვანილი იყო ჯარი, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი და ისეთი არაერთი ძალა, რომელზეც უფლებამოსილება არ აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერავინ შეძლებდა ამას, პრეზიდენტის გარდა, ეს გადაბრალებები ვერ უშველის. სხვათა შორის, მას პირადად ჩემთან, ჩემს კაბინეტში, სახალხო დამცველის კაბინეტში აქვს ამაზე ნათქვამი, როცა ვკითხე, რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, მან თქვა, რომ გამოიყვანეს, რადგანაც მათ არ ეყოთ, არ ქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ, პირველ პირში თქვა. არადა, შეგახსენებთ, 30 მოშიმშილე ადამიანი იწვა პარლამენტის წინ, როცა მათ თავს დაესხნენ მეეზოვეების ფორმაში გადაცმული პოლიციელები. სხვათა შორის, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო ის ძალა, რომელმაც მე, მაშინდელი სახალხო დამცველი სასტიკად მცემა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.