სოზარ სუბარი - საოცრებაა, როდესაც არასამთავრობოების წარმომადგენლები, მაგალითად, ეკა გიგაური აზიარებს ფარულ ჩანაწერებს და არ აღშფოთდება, როდესაც სახალხო დამცველი არ აძლევს ამას შეფასებას
საოცრებაა, როდესაც არასამთავრობოების წარმომადგენლები, მაგალითად, ეკა გიგაური აზიარებს ფარულ ჩანაწერებს და არ აღშფოთდება, როდესაც სახალხო დამცველი არ აძლევს ამას შეფასებას, – გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, სააკაშვილის მთელი ძალაუფლება ეყრდნობოდა ორ წყაროს, ერთი იყო პირდაპირი ძალადობა და მეორე, ფარული ჩანაწერები ყველა ადამიანზე.
„პრაქტიკულად, ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში ძვრებოდნენ, ყველა ადამიანს უსმენდნენ და რამდენიმე სხვადასხვა უწყება ახორციელებდა ამას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას ჰქონდათ თავისი ფარული ჩაწერების სამსახურები, რომლებიც უსმენდნენ არა მხოლოდ სამსახურის შიგნით უკანონოდ, არამედ მთელ ქვეყანაში და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ასეთ ჩანაწერს მოაგროვებდა, შემდეგ ამით აშანტაჟებდნენ ადამიანებს. ახდენდნენ ამის ფაბრიკაციას, დამონტაჟებას და მსგავსი ფაბრიკაციის ნიმუშია ის ჩანაწერი, რომელიც ახლა გამოაგდეს. მაშინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღმოვაჩინეთ ასეულობით ასეთი ჩანაწერი, ბევრი მათგანი იქნა გამოძიებული, ბევრი ადამიანი დაისაჯა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც განადგურდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გვეთქვა უარი ასეთ პრაქტიკაზე.
მაგრამ, სამწუხაროდ, ის ხელისუფლება, რომელმაც ეს შავი არქივი წაიღო, ამონტაჟებს და დღემდე აშანტაჟებს ადამიანებს. არ თქვეს უარი ამ მავნე პრაქტიკაზე და დღემდე აგრძელებენ ადამიანების დაშანტაჟებას. თუ ვისგან მოდის, მარტივად გამოჩნდა იმით, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა, იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ამ ჩანაწერებს ვუყურებთ, არ გვიკვირს, ვხედავთ, ბევრი ის ოპოზიციონერი, რომელიც დღეს სხვანაირად ფიქრობს, რატომ ვერ გამოდის იმ ბრჭყალებიდან, რასაც სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ტერორი და ბულინგი ჰქვია, რადგან სავარაუდოდ ბევრ მათგანზე არსებობს სწორედ ასეთი ჩანაწერები.
საოცრებაა ის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ, მაგალითად ეკა გიგაური, აზიარებს ასევე ამ ვიდეოს და არ აღშფოთდება, საიდან მოდის ასეთი ყალბი ჩანაწერები, ყალბი მონტაჟით გაკეთებული ფაბრიკაციები; საოცრებაა, როდესაც სახალხო დამცველი არ აძლევს პირველივე წამზე შეფასებას ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ისე გადის ანონსში, თითქოს რაღაც ნორმალური პრაქტიკა იყოს. სანამ მსგავსი არქივი არსებობს და სანამ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი აინტერესებს – მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, მსგავსი სერიალები არის მოსალოდნელი. ამ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არაერთი ჩანაწერი გავრცელდა ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე. ეს იყო ფაბრიკაციები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყო გაკეთებული ჩაწერები სწორედ წინა ხელისუფლების დროს. ეს ჩანდა მკაფიოდ, მაგრამ არც ერთმა იმ ადამიანმა, ვისზეც ეს ჩანაწერები გავრცელდა, არ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“.
ყველა ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში გავრცელდა ან „ქართული ოცნება“ ავრცელებდა და არავინ ამბობდა, ვინ ჩაწერა და ვინ იყო მართლა სავარაუდო გამავრცელებელი. რატომ – იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ადვილია თქვა, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებს, მაგრამ არავინ არ ელოდება, რომ ჩვენ მსგავს რამეს გავაკეთებთ სინამდვილეში. მათ ეშინიათ, რომ შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ფაბრიკაციები ათეულობით და ასეულობით და აი, ასეთ ტერორში ჰყავთ ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
სუბარი ყურადღებას ამახვილებს საკითხზე, თუ რატომ გამოქვეყნდა ჩანაწერი სწორედ ახლა:
„მართლა რატომ ახლა, ამდენი წელი გავიდა. რატომ გააკეთეს ასეთი ნაჩქარევი ფაბრიკაცია, უხეში ფაბრიკაცია, ეგრევე, რომ ჩანს, სხვადასხვა დროის ჩანაწერების კომბინაციაა. მარტივია მიზეზი, იმიტომ, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლამ და მისმა მედიაციამ გააჩინა გარკვეული იმედები, რომ დიალოგი შედგება და ქვეყანა დაბრუნდება ნორმალურ ჯანსაღ კალაპოტში. ეს არის მიუღებელი სააკაშვილისთვის, ამის ჩაშლისკენაა მიმართული ზუსტად ახლა ამის გამოგდება, რომ აიძულოს ოპოზიცია და ხელისუფლება, რაღაცნაირად ურთიერთობები გადავიდეს დაპირისპირებაში; მიზანია, დიალოგი არ შედგეს – ეს ერთი და მეორე, ძალიან მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლა.
წინასწარ ვამბობდი, სხვათა შორის, ტელევიზიაშიც და გუნდთან შეხვედრაზეც, რომ აი, წარმომიდგენია მათი წაშლილი სახეები, როცა მოისმენენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ეს მოხდა ნამდვილად. ეს იყო მათთვის ძალიან მტკივნეული და ამაზე არის რეაქცია, ამიტომ გამოაგდეს ასე ნაჩქარევად. ამ ფაბრიკაციით ცდილობენ საზოგადოების დაშანტაჟებას და დიალოგის ჩაშლას, პირველ რიგში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სოზარ სუბარმა.