სოზარ სუბარი - საბოტაჟის პირობებში მყოფი ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
სოზარ სუბარი - საბოტაჟის პირობებში მყოფი ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

საბოტაჟის პირობებში მყოფი ოპოზიციის პოზიცია გასაგებია, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარმა მიმართა არასამთავრობოებს, მივიდნენ პარლამენტში და საკუთარი თვალით ნახონ, მართლა რა ხდებოდა არჩევნებზე.

„საჯაროდ მინდა, მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ დაკვირვებას და რომელთა დასკვნებმაც, მცდარმა დასკვნებმა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ძალიან სერიოზული დისონანსი შეიტანა შედეგების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ოპოზიციური პარტიებისთვის – მოვიდნენ და თავისი თვალით ნახონ, მართლა რა ხდებოდა. მათ ექნებათ უფლება, კომისიის თითოეული წევრი, რომელიც არის მმართველი ძალიდან, ოპოზიციიდან, ცესკო-ს თითოეული წარმომადგენელი, თითოეული დამკვირვებელი მოიყვანონ, დაკითხონ, თუ საჭიროა, ექსპერტიზა ჩაატარონ, არის თუ არა მათი ხელმოწერა გაყალბებული; შეადარონ ოქმები, ნახონ ვიდეოთვალები. ეს არის მართლა სერიოზული სამუშაო და ძალიან მალე, პირველ ეტაპზევე, მე მგონი, გამოჩნდება, არის თუ არა გაყალბება.

თუმცა, პირველ ეტაპზე რომ გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიამ სამუშაო ბოლომდე არ მიიყვანოს. მართლა ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ უნდათ, რომ სხვა დროს საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა ჰქონდეს და შეეძლოთ, საზოგადოებას თვალებში შეხედონ, მათ შორის საერთაშორისო დონორებსაც, რომლებსაც მიმართავენ ხოლმე, მაშინ, მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. ყოველდღიურ მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა და შემოვიდნენ, თავისი თვალით ნახონ, უბრალოდ კი არა, თვითონ მოითხოვონ, რა ინფორმაციაც სჭირდებათ, და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.