სოზარ სუბარი - პანკისში აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰესები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
სოზარ სუბარი - პანკისში აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰესები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

პანკისში აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰესები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან დიდი ხანია, ჰესებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მოსახლეობასთან.

„პირადადაც ვიყავი რაღაც ეტაპზე ჩართული ამ მოლაპარაკებებში და შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც იქ არის და ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირ საფრთხეს, არც ეკოლოგიისთვის და არც მოსახლეობისთვის ეს ჰესები არ წარმოადგენს. ეს არის ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო ჰესები. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე, როცა ამ მოლაპარაკებები პრაქტიკულად უკვე დამთავრებული იყო, გადაწყდა მშენებლობა და დარწმუნებული ვარ,  მშენებლობა გაგრძელდება. რამდენადაც ვიცი, ახლა მოლაპარაკება არის იმ ეტაპზე, რომ გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობაში უფრო სიღრმეშია, ხოლო მეორეზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოსაა, გაგრძელდება მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რომ იყოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება მკაფიოდ გამოხატული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, არ შეიძლება თქმა, რომ პანკისელები ჰესების მოწინააღმდეგეები არიან ან პანკისელები მათი აშენების მომხრეები არიან, რადგან, როგორც ყველგან, აქაც არიან ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან და რომლებიც არიან წინააღმდეგი.

„მცირე ნაწილი არის წინააღმდეგი, აბსოლუტურ უმრავლესობასთან ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და ისინი კარგად ხედავენ იმ სიკეთეებს, რაც ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად ხეობისთვის, ამ ხეობაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. ასე რომ, ფორმულირება, რომ პანკისელები წინააღმდეგი არიან ან მომხრეები არიან, არ არის სწორი. იგივეა, რაც ხდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაცია იყო დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიდის ჰესებზე მუშაობა.

„მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს, ისე, როგორც მოწინააღმდეგეებსაც აქვთ ინფორმაცია. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ვთქვათ, შევინარჩუნოთ ბუნება იმ სახით, როგორც არის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ განვავითაროთ ენერგეტიკა და ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა სუბამა და აღნიშნა, რომ პროტესტის ფორმებს აქვს თავისი ლეგიტიმური ჩარჩოები და ძალადობა არის დაუშვებელი, განსაკუთრებით პოლიციის წინააღმდეგ.