სოზარ სუბარი - კიდევ ერთხელ გადავდგით ნაბიჯი ოპოზიციისკენ, „ქართული ოცნება“ 40%-იან ბარიერს თუ ვერ გადალახავს მომავალ არჩევნებზე, მზად ვართ, განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები
სოზარ სუბარი - კიდევ ერთხელ გადავდგით ნაბიჯი ოპოზიციისკენ, „ქართული ოცნება“ 40%-იან ბარიერს თუ ვერ გადალახავს მომავალ არჩევნებზე, მზად ვართ, განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები

შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ მზად ვიყავით ხელმოწერისთვის, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა ამის მზადყოფნა არ გამოთქვეს, ისინი არ აღმოჩნდნენ მზად, ხელი მოეწერათ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა თემის კომენტირებისას.

„არადა, მედიატორი პირდაპირ ამბობდა, რომ ამ დოკუმენტს ძალა ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ყველა მოაწერდა ხელს, ჩვენ ამის შემდეგ დაველოდეთ, გარკვეულწილად მედიატორებს მივეცით დრო და ფასილიტატორ ელჩებს მივეცი დრო, რომ მათ ემუშავათ, როგორც ოპოზიციური პარტიებთან, ისე ჩვენც გვქონდა მათთან შეხვედრები. როდესაც ვნახეთ, რომ ამ შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო, მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, თუმცა მოვაწერეთ ერთგვარ მოდიფიცირებულ ვარიანტს. ამ მოდიფიცირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციისკენ, როდესაც ვთქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 40%-იან ბარიერს ვერ გადალახავს მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ეს მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, მედიატორმა აბსოლუტურად გამორიცხა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„გამორიცხა იმიტომ, რომ ყველა დაკვირვებიდან ნათლად ჩანს, არჩევნები არ გაყალბებულა. თუმცა ჩვენ მაინც გადავდგით ეს შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ამ წუთში ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ შემხვედრ ნაბიჯებს.

სხვათა შორის, მე მოვისმინე რამდენიმე კომენტარი, თითქოს ეს უკავშირდება გარკვეულწილად ზეწოლას გარედან, მათ შორის შეერთებულ შტატებში პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის ვიზიტს და ამ ვიზიტის დროს ჩვენდამი წამოყენებულ მოთხოვნებს. ეს ასე ნამდვილად არ არის, ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ ამაზე მსჯელობა გვქონდა ვიზიტამდე კარგა ხნით ადრე.

შეთანხმება გვქონდა კარგა ხნით ადრე და ველოდებოდით ფასილიტატორების მხრიდან ამ ურთიერთობის ამოწურვას, მაგრამ გასაგებია, რომ ეს შეიძლება, არ დაიჯეროს საზოგადოებამ. უბრალოდ, მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ვიდრე შეერთებულ შტატებში წავიდოდა ბატონი კობახიძე გუნდთან ერთად, მქონდა შეხვედრა საქართველოში იაპონიის ელჩთან, რომლის კითხვაზეც, როგორ ხედავთ მომავალს, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს; რომ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ იმ სახით, რაც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ან ოდნავ მოდიფიცირებული სახით და ვუთხარით კიდეც, ეს მოდიფიცირება რას ნიშნავდა. ვინმეს თუ აინტერესებს, იყო თუ არა ჩვენ შორის ასეთი დიალოგი, შეუძლია, გადაამოწმოს იაპონიის ელჩთან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი