სოზარ სუბარი - კარგია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ნაბიჯი გადმოდგა პარლამენტისკენ, მაგრამ პარლამენტში ნახევარი ფეხით ვერ იქნებიან
სოზარ სუბარი - კარგია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ნაბიჯი გადმოდგა პარლამენტისკენ, მაგრამ პარლამენტში ნახევარი ფეხით ვერ იქნებიან

როგორც ნახევრად ფეხმძიმე არ არსებობს, ისე ვერ იქნება „რესპუბლიკური პარტია“ ნახევარი ფეხით პარლამენტში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის რეგიონული კომიტეტის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„კარგია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ნაბიჯი გადმოდგა პარლამენტისკენ, მაგრამ ეს ვერანაირი ერთჯერადი შემოსვლა ვერ იქნება. ან შემოვლენ პარლამენტში, ან არ შემოვლენ. ასე არ ხდება, როგორც ნახევრად ფეხმძიმე არ არსებობს, ისე ვერ იქნება ნახევარი ფეხით პარლამენტში“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, ბარიერის გარეშე არჩევნები ბარიერის არარსებობას არ ნიშნავს.

„0,67% მაინც რჩება და „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ეს 0,67%-იც აბსოლუტურად გადაულახავი წინააღმდეგობაა. მათ ისევ თავიანთი ჩვეული მიკვრის ფუნქციის შესრულება მოუწევთ. ისინი რომელიმე პარტიას უნდა მიეკრან, რომ ეს 0.67% გადალახონ“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მძიმე პოლიტიკური ვითარების განსამუხტად სწორი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მიერ ბარიერთან დაკავშირებული ინიციატივის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტად ქცევა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი თავის გადაწყვეტილებებში ხისტი არ არის, მოლაპარაკებებისთვის მზადაა და მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა ფანჯარას ამ ნაწილშიც ღიად ტოვებს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელია და დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი, მხოლოდ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე. 

„ამ შემთხვევაში, ულტიმატუმი არის აუცილებლად ვადამდელი არჩევნები. სხვა მხრივ, ჩვენი გუნდი ღიაა“, – განაცხადა სუბარმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია ოპოზიციასთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ განცხადებები, რადგან მმართველი გუნდი თავიდან ამბობდა, რომ თუ პარლამენტში მანდატების შეწყვეტაზე განცხადებები შევიდოდა, მოთხოვნა ავტომატურად დაკმაყოფილდება, მაგრამ შემდეგ, პოზიცია შერბილდა და საზოგადოებამ დაინახა, რომ უმრავლესობამ კენჭისყრაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავი შეიკავა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულია და ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა.

„უბრალოდ, ჩვენ არ დავხურეთ მოლაპარაკებების ფანჯარა. თუნდაც იმიტომ, რომ წინა დღეებში, როდესაც ეს საკითხი კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო, არა ერთი პოლიტიკური სუბიექტისგან და პოლიტიკოსისგან გაისმა განცხადებები, რომ თუ „ქართული ოცნება“ მანდატებს შეგვიწყვეტს, ამით გამოუსწორებელ შეცდომას ჩაიდენს, ეს ცუდი იქნება დემოკრატიისთვის და ასე შემდეგო. ამით მათ მოგვცეს სიგნალები, რომ პარლამენტში შემოსასვლელად მზად არიან. ეს რომ ასეა, გამოჩნდა იგივე დავით ბერძენიშვილის, თუ „რესპუბლიკური პარტიის“ სხვა წევრების, ქალბატონი სამნიძის განცხადებებიდან; უშუალოდ კენჭისყრის წინა დღეს ეს ძალიან მკაფიოდ თქვა ბატონმა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და არა ერთმა სხვა პოლიტიკოსმა. ყველაფერთან ერთად, ეს იმპულსებიც იყო იმის ნიშანი, რომ ოპოზიციისთვის გარკვეული ვადა უნდა მიგვეცა. უფრო მეტი იმპულსები იყო შიგნიდან გამოსული სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, რომ ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და ზოგადად, გარკვეული ანალიზის შემდეგ ცხადი იყო, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ჯობდა, ეს ფანჯარა გარკვეული ხნით ღიად დაგვეტოვებინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ იგივე იმპულსები მოდიოდა ქვეყნის პარტნიორებისგანაც.