სოზარ სუბარი - ჩვენი პარტიის გეზი დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება და დასავლური ვექტორია, რაშიც ერთიანნი ვართ, ყველა დანარჩენი საკითხი კი კამათის საგანია
სოზარ სუბარი - ჩვენი პარტიის გეზი დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება და დასავლური ვექტორია, რაშიც ერთიანნი ვართ, ყველა დანარჩენი საკითხი კი კამათის საგანია

დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს, რადგან მედია და სასამართლო ხელისუფლების ზეგავლენისგან თავისუფალია, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროფესიონალიზმის პრობლემის მიუხედავად, დღეს უკვე შეგვიძლია, მედიაში ყველანაირი აზრი მოვისმინოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო დღეს პოლიტიკური კუთხით არ იმართება. სხვა საქმეა, რამდენად მოგვწონს სასამართლო და მედია, კონკრეტული გადაწყვეტილება თუ კონკრეტული გადაცემა. ეს ცალკე პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც შესაძლოა, წლები დასჭირდეს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია, რადგან მედია და სასამართლო თავისუფალია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, დამარცხდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში, რადგან პოლიტიკიდან წასვლის დროს მისი გაცხადებული მიზანი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იყო, დღეს კი, საზოგადოებრივი ინსტიტუციების მუშაობით კმაყოფილი არ არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს პარტიის სახალხოობა, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი აცხადებს და ნიშნავს თუ არა პარტიის სახალხოობა იმას, რომ პარტიაც ისევე ჭრელია, როგორც ხალხი, სუბარმა აღნიშნა, რომ ეს ხალხთან მეტ კავშირს და ყოველდღიურ ურთიერთობას ნიშნავს.

„ჩვენი პარტიის გეზი დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება და დასავლური ვექტორია, რაშიც ერთიანნი ვართ, ყველა დანარჩენი საკითხი კი კამათის საგანია. პარტიაში არ იქნება ერთმმართველობა და ვოლუნტარიზმი, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, საიდან უნდა გაჩნდეს კიდევ ორი პარტია, რომელიც მომავალში კოალიციურ მთავრობას შექმნის, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის შორეულ გეგმაშია, ან არის თუ არა მისი პოლიტიკური მიზანი ის, რომ ისეთი პოლიტიკური გარემო შექმნას, სადაც ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე სამი თვითკმარი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ასეთი გარემო 2012 წლიდან შეიქმნა და პოლიტიკურ პარტიებს ხელს არაფერი უშლის, რათა რეალურ ძლიერ ძალებად ჩამოყალიბდნენ.

„ამაში მათ ხელს მხოლოდ საკუთარი ინტელექტუალური რესურსი უშლის და ის, რომ წარსულის ტყვეობიდან ვერ გამოდიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.