სოზარ სუბარი - 9 აპრილის დღის ერთიანობის შეგრძნება ძალიან დიდხანს გაყვება ქართველ ხალხს
სოზარ სუბარი - 9 აპრილის დღის ერთიანობის შეგრძნება ძალიან დიდხანს გაყვება ქართველ ხალხს

9 აპრილის დღის ერთიანობის შეგრძნება ძალიან დიდხანს გაყვება ქართველ ხალხს, – ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„30 წელი გავიდა და ამ ისტორიული გადმოსახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ, რომელიც იქნება ანთებული სანთელი თავისუფლების გზაზე.

ერთიანობის ის მუხტი, რომელიც 9 აპრილის წინა დღეებში იყო და შემდგომაც, დიდი ხნის განმავლობაში გაყვა ჩვენს ერს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანა.

მე ჩემს მეგობრებთან ერთად აქ ვიდექი, რუსთაველზე და მთელი ღამის განმავლობაში იყო განსხვავებული გრძნობები. იყო გრძნობა, როდესაც პატრიარქმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ და ამას საზოგადოების მხრიდან მოყვა ბრძოლა. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი მომენტი, თუმცა, როდესაც შემდეგ მისი უწმინდესობა დარჩა ხალხთან, ასეთი საშიშროების მიუხედავად არც ერთ ადამიანს ფეხი არ მოუცვლია აქედან. ისინი ერთად შეეწინააღმდეგნენ შეიარაღებულ მტერს, ქართველი ბიჭების, სპორტსმენების, მილიციის ვაჟკაცობამ გადაარჩინა ათეულობით და ასეულობით სიცოცხლე. ეს არის იმ ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ძალიან დიდხანს გაყვება ქართველ ხალხს. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ამბავი პერიოდულად შეგვაკავშირებს და დარწმუნებული ვარ, ამ გმირების სისხლი ტყუილად არ არის დაღვრილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.