სოსო მანჯავიძე - როცა ადამიანები პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის არ ისჯებიან, ამას ქვეყნის მომავალი ეწირება
სოსო მანჯავიძე - როცა ადამიანები პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის არ ისჯებიან, ამას ქვეყნის მომავალი ეწირება

შეგვიძლია, ერთმანეთს მივულოცოთ, რომ ჩვენ გადავიქეცით საზოგადოებად, სადაც ღია ეთერში იგინება პოლიტიკური ლიდერი, „მთავარი არხის“ წამყვანი და ა.შ. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს ამაზრზენია.

„იმ ადამიანებს, ასე ვთქვათ, გადმონაშთებს, ვისაც გარკვეული ზნეობრივი მიდგომა გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს გვაძრწუნებს, გვაშფოთებს და გვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენი შვილები შეიძლება, ასეთ ამაზრზენ გარემოში გაიზარდონ, სადაც ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფა ნორმად გადაიქცა“, – განაცხადა მანჯავიძემ.

ამ განცხადებით სოსო მანჯავიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ნორმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარის შემცველი ლექსიკის გამოყენება.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებას, როცა ადამიანები პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის არ ისჯებიან და მსგავს ქმედებებზე სახელმწიფო არასერიოზულად რეაგირებს, ქვეყნის მომავალი ეწირება.

„სახელმწიფოებრიობის, ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების კეთილდღეობის მიმართ ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავალი ეწირება. ამაზე პასუხისმგებელი არის ყველა – თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლება, რადგან ასეთ სცენარებს უშვებს“, – განაცხადა მანჯავიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდისა არის სიტყვა „უნდა დავამხოთ“ დამხობისკენ მოწოდება და როდის „აქციების გზით ხელისუფლების გზით შეცვლის სურვილის გამოხატვა“, როგორც ეს ამ დღეებში შეფასდა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო იმას, როცა ერთ-ერთი წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალების დირექტორი საზოგადოებას ღიად მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება აუცილებელი იყო.

„ჯერ ერთი, აქ საუბარი არ არის ფეისბუქპოსტზე. ჩემი თვალით ვუყურე, ბატონმა გვარამიამ ტელევიზიით რომ განაცხადა, ამ ხელისუფლების დამხობა სასწრაფოდ საჭიროაო და უამრავი სხვა სიტყვა იხმარა. ეს მთელმა საქართველომ ნახა. მიზეზი და შედეგი თავუკუღმა კი არ უნდა დააყენო?! გამოკითხვაზე მისი დაბარების მიზეზი ის იყო, რომ მან ეს თქვა, რაც არ უნდა ეთქვა. დაიბარეს, გამოკითხეს და ეს ასეც უნდა იყოს. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მოწოდება რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ინტერესის საგანი უნდა გახდეს, ეს რა, სადავოა?! ის არ გახსოვთ, დემოკრატიის ფლაგმანის, აშშ-ის საელჩოს მოთხოვნით რომ დაიჭირეს სპლიყვი და ტერორიზმის ბრალდებით დაატუსაღეს? აშშ-ის საელჩოს იმის განხილვა კი არ დაუწყია, შეეძლო თუ არა სპლიყვს აფეთქება ან იხუმრა თუ არა მან. ისინი ასეთ საკითხებს ძალიან სერიოზულად განიხილავენ“, – განაცხადა მანჯავიძემ.

ამ განცხადებით სოსო მანჯავიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ ანალიტიკოსს, ლევან ალაფიშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სუს-ს ნიკა გვარამია გამოკითხვაზე არ უნდა დაებარებინა, რადგან მას რევოლუციის მოწყობა არ შეუძლია.

„სოციალურ მედიაში დაწერილ პოსტთან დაკავშირებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე მზრუნველი ორგანო რომ ასეთ რეაგირებას ახდენს და პოსტის დამწერს დაკითხვაზე იბარებს, იქ სახელმწიფო წაშლილია“, – განაცხადა ალაფიშვილმა.