სოსო გრიშიკაშვილი - თელავში 8-ათასიან სტადიონს აშენებენ, მანამდე სარაგბო კომპლექსში ვითამაშებთ
სოსო გრიშიკაშვილი - თელავში 8-ათასიან სტადიონს აშენებენ, მანამდე სარაგბო კომპლექსში ვითამაშებთ

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელი და სპორტული დირექტორი სოსო გრიშიკაშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ეროვნულ ლიგაში გადასული გუნდი სხვა ქალაქში არ ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში „თელავმა“„რუსთავი“ შინ 1:0 დაამარცხა, გასვლაზე 2:1 და 12-წლიანი პაუზის შემდეგ თელავს ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო კლუბი ეყოლება.

თელავის სტადიონზე ტრიბუნები მოუწყობელია, საფარი ხელოვნურია და ეროვნული ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს – ასეთ სტადიონზე კი „თელავი“ გუნდებს ვერ უმასპინძლებს.

„თელავში მშვენიერი სარაგბო კომპლექსი ააშენეს, სადაც ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მფლობელი რაგბის კავშირია, რომლის მადლიერებიც ვართ, რადგან ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინეს და დიდი ალბათობით, „თელავი“ ამ კომპლექსში ითამაშებს“ – ამბობს სოსო გრიშიკაშვილი.

საქართველოს პირველ არხთან „თელავის“ დამფუძნებელმა და სპორტულმა დირექტორმა ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებაც ილაპარაკა: „2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სტადიონის განახლება იქნება. უკვე მზადაა პროექტიც, რომლის პრეზენტაციაც დეკემბრის ბოლოსკენ დაიგეგმა. პროექტით, 8-ათას მაყურებელზე გათვლილი გადახურული სტადიონი აშენდება, ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს და ყველა ის პირობა იქნება, გუნდი კარგ პირობებში რომ მოემზადოს. გეგმის მიხედვით, პროექტი განხორციელება 2020 წლისთვის უნდა დაიწყოს”.

დატოვე კომენტარი