სოსო გრიშიკაშვილი - თელავის სტადიონის მშენებლობა გადაწყდა და წელსვე მოესწრება #1TVSPORT
სოსო გრიშიკაშვილი - თელავის სტადიონის მშენებლობა გადაწყდა და წელსვე მოესწრება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა, სოსო გრიშიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანთან, ლეგენდარულ ფეხბურთელთან, ვლადიმერ გუცაევთან გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ექსკლუზიურად გაამხილა, რომ მალე ქალაქის საფეხბურთო სტადიონი მოწესრიგდება.

„მიხარია, რომ აღმოჩდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან სოსი გრიშიკაშვილი, ალეკო ამისულაშვილი და ირაკლი ვაშაკიძე, რომლებმაც თელავში გუნდის გაკეთება შეძლეს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. საერთოდ, თელავში დიდი ხანი ფეხბურთისადმი დიდი ყურადღება არ შეინიშნებოდა – რას ფიქრობ, რატომ?“ – დაინტერესდა ვლადიმერ გუცაევი.

სოსო გრიშიკაშვილი, „თელავის“ გენერალური დირექტორი: 

„ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციები არ გვაქვს. ორჯერ საქართველოს თასი მოვიპოვებთ, იყო გამონათებები, მაგრამ იყო წარუმატებლობებიც. მე, როგორც თელაველი, ისევე როგორც ალეკო ამისულაშვილი, ირაკლი ვაშაკიძე გავერთიანდით და გუნდი დავაფუძნეთ, რომლის მიზანიც უმაღლეს ლიგაში თამაში იყო. სწორი მიდგომით საქმე გამოგვივიდა, მაგრამ ინვესტორი არ გვყავს. რომ იყოს, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით“.

ვლადმერ გუცაევი: „ვიცი, რომ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დაბალი ბიუჯეტი და ხელფასები გაქვთ. 1500-2000 ლარი ქართული ფეხბურთისთვისაც კი სასაცილოა. რატომ არ ინტერესდებიან იგივე ღვინის ქარხნები, კახეთში ბევრი მდიდარი ადამიანია. ამას გარდა, თამაშობთ რაგბის სტადიონზე, რაგბიში მისაღები მოედანი კი ფეხბურთში მიუღებელია. ასეთ საფარზე ტექნიკური და კომბინაციურ ფეხბურთს ჩვენება შეუძლებელია“.

სოსო გრიშიკაშვილი: „ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ თელავს ახალი მერი ჰყავს, რომელიც ქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა. პირველი დღიდან სტადიონით დაინტერესდა. 2,5 მილიონ ლარად დაიგეგმა ჩოხელის სტადიონის სათადარიგო მოედნის მშენებლობა, თანხა გამოიყო, მალე პროექტიც მზად იქნება და სტადიონი წელსვე მოესწრება. ეს დიდი შვება იქნება, რომ ამ მოედანზე გადავალთ. დარწმუნებული ვარ, მერე მთავარ სტადიონსაც ეშველება და მინიმუმ უეფა-ს მე-3 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რამდენიმე კომპანიასთან გვქონდა შეხვედრა, შევთავაზეთ, სპონსორობა ან ინვესტორობა გაეწიათ, მაგრამ ჯერ მზაობა არაა. ზოგან გვითხრეს, რომ დაფიქრდებიან, მოდიან, გვაქებენ, მაგრამ ჯერ შექება და გამხნევება ფეხბურთისთვის ცოტაა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომელიმე კომპანია, მაგალითად, ღვინის ქარხანა სპონსორობას ან ინვესტორობას გაგვიწევს“.