სოსო გიორგაძე - საზოგადოებამ უკვე იხილა ის მცდარი არგუმენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ნაწილს ჰქონდა წარმოდგენილი
სოსო გიორგაძე - საზოგადოებამ უკვე იხილა ის მცდარი არგუმენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ნაწილს ჰქონდა წარმოდგენილი

საზოგადოებამ უკვე იხილა ის მცდარი არგუმენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ნაწილს ჰქონდა წარმოდგენილი, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ჟურნალისტებს პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე განუცხადა. მისი თქმით, საქმეზე პროკურატურას მიაწოდეს ისეთი მასალებიც, რომლის შესახებაც მედიასთან არ უსაუბრიათ.

„ძალიან ბევრი მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სრული აბსურდი. ეს მტკიცებულებები უკვე არის მედიისთვის ცნობილი. რა თქმა უნდა, ისინი მივაწოდეთ პროკურატურასაც და პროკურატურას მივაწოდეთ ბევრად მეტი დოკუმენტი, რადგან მედიისთვის ჩვენ ვერ გავხდიდით ღიას ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს ადამიანების პერსონალურ მონაცემებს, სადაც უკვე საუბარია ადამიანების ისეთ მონაცემებზე, რომელთა გამჟღავნების უფლება ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები პროკურატურაშია წარდგენილი.

პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე იხილა ის მცდარი არგუმენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ნაწილს ჰქონდა წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენს უკვე საგამოძიებო ორგანოები გამოძიების შედეგების სახით მიაწვდის საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ჩვენი ორგანიზაციის სიმართლეში, ჩემს სიმართლეში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ყველფერი კიდევ უფრო ღია და თვალსაჩინო გახდება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურაში საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ.