სოსო ფრუიძე  - ონლაინ-სავარჯიშო პროცესი ამ ვითარებიდან კარგი გამოსავალია
სოსო ფრუიძე  - ონლაინ-სავარჯიშო პროცესი ამ ვითარებიდან კარგი გამოსავალია

„ვფიქრობ, ონლაინ-სავარჯიშო პროცესის დაწყებით ამ ვითარებიდან კარგი გამოსავალი მოვძებნეთ,“ – აცხადებს თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.

გუნდის ვებგვერდთან ინტერვიუში ახალდანიშნულმა გამოცდილმა სპეციალისტმა საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობაზე ილაპარაკა. ფრუიძე, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ონლაინ მუშაობს და საწვრთნელ პროცესს ასე ადევნებს თვალს – „ბიჭებს მიცემული აქვთ ინდივიდუალური დავალებები, რასაც პროფესიონალურად ასრულებენ. საღამოობით, ყველა ონლაინ რეჟიმში ვიკრიბებით და გუნდს ერთად ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი ავარჯიშებს. პროცესი კარგად მიდის, გუნდურობის შეგრძნებაც არის და ვფიქრობ, სწორად მივდივართ“.

სოსო ფრუიძემ ეროვნული ლიგის განახლების პერიოდზე ილაპარაკა: „სავარაუდო ვადად ივლისის შუა რიცხვები სახელდება. ჩვენც, ამაზე უნდა გადავეწყოთ და მზადების ახალი პროგრამა შევიმუშავეთ. ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა გვექნება. ვფიქრობ, ეს პროცესი მოსაწყენი არ იქნება“.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა წინამორბედს მადლობა გადაუხადა და გუნდის მიზნებზე ილაპარაკა: „არავინ იცის, ჩემპიონატი როგორ და რა ფორმატით განახლდება. თუ ამ ქულებით განახლდა, რა თქმა უნდა, სტარტზე აღებული ექვსი ქულა ძალიან კარგი იქნება. მადლობა ჩემს წინამორბედს, ლევან კორღალიძეს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რაც მან გუნდში ჩაატარა. თუმცა, ახლა, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ამხელა პაუზის შემდეგ, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონატში მაქიმალურად მაღალი ადგილის დაკავება და კვლავ ევროსაგზურის მოპოვება იქნება”.

ფრუიძემ იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც „ლოკომოტივის“ შეთავაზებას დათანხმდა: „ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია და ის მიმზიდველია ყველა მწვრთნელისთვის. იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ამ კლუბში მუშაობენ და მიზანმიმართულად, აგურს აგურზე დებენ, რომ გაზარდონ ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჩამოაყალიბონ, ძალიან დასაფასებელია“.