სოსო ფრუიძე - ბოლოს წაგებას გადავრჩით
სოსო ფრუიძე - ბოლოს წაგებას გადავრჩით

სოსო ფრუიძემ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა – ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის „მერანს“ შეხვდა და მძიმე ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და არ დამალა, რომ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს.

„მძიმე დასაწყისს ველოდით. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, გუნდმა პირველად ითამაშა და ფეხბურთელები ჯერ სასურველ კონდიციაში არ არიან. ის თამაში რომ ვაჩვენოთ, რასაც გუნდი იყო მიჩვეული, ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, გვინდოდა უფრო მეტი ე.წ. „ზურგს უკან გახსნები“ და სწორედ, ამიტომ გავაკეთეთ ორმაგი ცვლილება და მოედანზე რეზი ინჯგია და თორნიკე კირკიტაძე შემოვიყვანეთ. მათ თამაში გაამწვავეს, მაგრამ გუნდს არ ეყო ძალა, მატჩი მოგებით რომ დაგვესრულებინა. ბოლოს გადავრჩით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტი იყო და ასეთი რამ ხშირად ხდება“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ახლა მთავარია, გუნდი ფორმაში დროულად შევიდეს: „წინ რთული მატჩები გველის და მომზადებას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ. თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას. ფეხბურთელებისთვის ახლა ზედმეტი დატვირთვების მიცემა არ შეიძლება. სათამაშო პრაქტიკა გუნდს კონდიციას აუმაღლებს და ჩვენც ამისკენ მივდივართ“.