სოსო ფრუიძე - „აბერდინის“ ნაკლის გამოყენებას შევეცდებით
სოსო ფრუიძე - „აბერდინის“ ნაკლის გამოყენებას შევეცდებით

საჩხერეს „ჩიხურა” შოტლანდიაში ევროპის ლიგის განემეორებით შეხვედრაში „აბერდინს” პირველ აგვისტოს გასვლაზე დაუპირისპირდება.

საჩხერლებმა მატჩის წინა ვარჯიში Pittodrie Stadium-ზე გამართეს, „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ კი, პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან კარგი და ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს. „აბერდინი” კარგი გუნდია, მაგრამ „ჩიხურასაც” საკუთარი პლუსები გააჩნია და მეტოქეზეც იქნება დამოკიდებული, ჩვენს ძლიერ მხარეებს რამდენად გამოვიყენებთ და შეხვედრა რა შედეგით დასრულდება. გოლი გვაქვს გასატანი და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ვიცით, რომ ხვალ სავსე სტადიონი იქნება და აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გულშემატკივრები „აბერდინისგან“ სულ შეტევებს მოითხოვენ. შევეცდებით, ამით ვისარგებლოთ“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

„ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის პლუს-მინუსებზეც ისაუბრა.

„ჩვენს მეტოქეს ძლიერი, ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სტანდარტულებზე, „მეორე სართულსა” და საერთოდ, ორთაბრძოლებში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. ჩვენი ძლიერი მხარე კი, ბურთის დაბლა გაგორებაა. ხვალაც ამას შევეცდებით და თუ ეს გამოგვივიდა, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა.

პრესკონფერენციაზე სოსო ფრუიძესთან ერთად იმყოფებოდა გიორგი კორიფაძე, რომელმაც „აბერდინს” თბილისურ შეხვედრაში პენალტი გაუტანა.

„ოთხი დღეა, რაც შოტლანდიაში ვართ. ადრე ჩამოსვლა, დაბინავება და ადგილზე ვარჯიში სასარგებლო იქნება. გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მატჩისთვის საუკეთესოდ მოვმზადებულიყავით. ასე აკლიმატიზაცია არ გაგვიჭირდება. ჩვენს წყვილში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ყველაფერზე პასუხი ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გვექნება. ვინც უფრო მოინდომებს, ის აჯობებს“, – აცხადებს კორიფაძე.

სოსო ფრუიძემ შოტლანდიაში 18 მოთამაშე წაიყვანა:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი.

მცველები: ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია.

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი, თემო მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, მიშკა სარდალიშვილი, დემიკო ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი.

თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე.

ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი აბერდინში პირველ აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.