სომხური მედიის ცნობით, ყარაბაღის მარტუნის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა
სომხური მედიის ცნობით, ყარაბაღის მარტუნის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

ყარაბაღის მარტუნის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და აღნიშნულ ფაქტს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა იძიებს.

ყარაბაღში მყოფმა რუსმა სამხედროებმა პატრულირება სამ მარშრუტზე – მარტაკერტის, მარტუნისა და შუშის რაიონებში განახორციელეს. სომხური მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გორის-სტეფანაკერტის მარშრუტზე ჰუმანიტარული ტვირთის ავტოკოლონა გააცილეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სროლის შესახებ ბოლო ინფორმაცია 7 აპრილით თარიღდება, რომელიც სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნას ეხება.