სომხური გამოცემა - ირაკლი ეგოიანმა სომხეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა სომხეთის ნაკრებსა და ერევნის „ნოაში“ თამაშზე უარი განაცხადა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ვიტესის“ შემტევ ნახევარმცველმზე ინფორმაციას ArmmFootball-ი ავრცელებს.
„ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ირაკლი ეგოიანმა სომხეთიდან ორი შეთავაზება უარყო. სომხეთის ფეხბურთის ასოციაციას სურდა, ეგოიანი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე სომხეთის ნაკრებში მიეწვია.
ამას გარდა, ფეხბურთელის ტრანსფერით საფეხბურთო კლუბი „ნოა“ იყო დაინტერესებული, თუმცა ეგოიანმა ორივე შეთავაზებას უარყოფითად უპასუხა“, – წერს ArmmFootball-ი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ეგოიანმა „ვიტესის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ნიდერლანდების ჩემპიონატში სეზონი 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა.
ფეხბურთელის პოზიცია გასაგებია, რადგან მას ზაფხულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პერსპექტივა აქვს.