სომხური ფეხბურთის ლეგენდამ „ჯვაროსნების“ უპირატესობაზე ილაპარაკა - სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, „დინამომ“ „არარატს“ ფრე აჩუქა
სომხური ფეხბურთის ლეგენდამ „ჯვაროსნების“ უპირატესობაზე ილაპარაკა - სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, „დინამომ“ „არარატს“ ფრე აჩუქა

„ქართველებს ახლა ჩვენზე ოდნავ უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავთ“,- ეს რუსული ტელეკომპანია „მატჩ ტვ“-ს ინტერნეტგამოცემასთან ინტერვიუში სომხური ფეხბურთის ლეგენდამ, არკადი ანდრიასიანმა აღიარა.

„დიახ, ქართველებს ოდნავ უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უძლიერესი კოზირი – პატრიოტიზმი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, რომ ფეხბურთი ჩვენი ხალხისთვის ამ მძიმე ვითარებაში მალამოსავით იყოს. ბიჭებმა უნდა გაიგონ – თამაშობენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სომხეთის ნაკრების გულშემატკივრებისა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა სომეხისთვის“,- ამბობს ანდრიასიანი.

ჟურნალისტი დაინტერესდა – „სიმართლეა თუ არა, რომ 1989 წელს „არარატმა“ „დინამოსთან“ კეთილშობილური (?!) გარიგებული მატჩი ჩაატარა: სპიტაკში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, საქართველომ სომხეთს შინ ფრე აჩუქა?”.

სომხური ფეხბურთის ლეგენდამ არ დამალა, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა.

„ეს მართალია – მაშინ „არარატის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ეს ამბავი ჩემპიონატის მეორე წრეში მოხდა. პირველი შეხვედრაც ერევანში ფრედ დავასრულეთ – 0:0, მაგრამ ეს წესიდან გამონაკლისი იყო და მაშინდელი განსაკუთრებული გარემოებების გამო მოხდა. ჩვენ ქართველებთან ყოველთვის ნაღდ ფეხბურთს ვთამაშობდით, მხოლოდ მოსაგებად“,- აღიარა ანდრიასიანმა.

ვეტერანი ფეხბურთელი ქართველ მეგობრებს თბილად ახასიათებს: „ჩვენ ძმური ურთიერთობა გვქონდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთად ვთამაშობდი მანუჩარ მაჩაიძესთან, ვოვა გუცაევთან, მურთაზ ხურცილავასთან…. დაბადების დღეს ყოველ წელს მილოცავენ. წელს, 11 აგვისტოსაც, ვოვა გუცაევი დამიკავშირდა და ბიჭების სახელით მომილოცა – შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ და ოქროს ბიჭები არიან!“.