სომხეთში ხვალისთვის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება
სომხეთში ხვალისთვის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

სომხეთის ოპოზიცია ხვალ ქვეყნის პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ გეგმავს შეხვედრას. როგორც ერევანში გამართულ მიტინგზე ოპოზიციური მოძრაობის – „სამშობლოს გადასარჩენად“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, მოლაპარაკებები ქვეყნის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ინიციტივით გაიმართება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა. აქვე მინდა, მივმართო პრეზიდენტს, რომ სწორედ მას ეკისრება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წევრმა, იშხან საგათელიანმა.

ოპოზიციონერის თქმით, პრეზიდენტი ორშაბათამდე თუ არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული განკარგულების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, მაშინ სამშაბათს ოპოზიცია მიტინგს ისევ გამართავს.

ოპოზიცია ამჟამად ერევნის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავს.

გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის შემდეგ ითხოვს, თუმცა პრეზიდენტი უარს ამბობს პრემიერის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადაყენება მოითხოვა.