სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

მედიის ცნობით, ადგილობრივი სოციოლოგიური ცენტრის MPG ltd-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარქისიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით.

არჩევნების დაწყების წინ, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა. მან არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს თავშეკავებულობისკენ და გონივრული მოქმედებისკენ, ხოლო მათ მხარდამჭერებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, არმენ სარქისიანმა სამართალდამცველებსაც მიმართა და მათ კანონისა და უფლებების ნებისმიერი დაღვევის აღკვეთის, მიუკერძოებლობისა და მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.