სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანს სთხოვეს, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს მდინარე არაქსის გადაკვეთის უფლება არ მისცენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანს სთხოვეს, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს მდინარე არაქსის გადაკვეთის უფლება არ მისცენ

სომხეთის მხარემ ირანს თხოვნით მიმართა, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს მდინარე არაქსის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჰოვანისიანის თქმით, ირანული მხრიდან არის პასუხი და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების სახით. ამასთან, სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია.

ერევანში ამბობენ, რომ ბრძოლები მთელი ღამისა და დილის განმავლობაში გრძელდებოდა, მოწინააღმდეგემ შეგროვება არაქსის ველზე სცადა, თუმცა სომხური არტილერიის ზუსტი ცეცხლით უკან დაიხია. ჰოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანული შენაერთები ცდილობენ, ისარგებლონ იმით, რომ არაქსი სასაზღვრო მდინარეა და სომხურმა მხარემ ამასთან დაკავშირებით მოუწოდა ირანს, არ დაუშვას აზერბაიჯანული ძალების მიერ მდინარის გადაკვეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 200-მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.