სომხეთის ვიცე-პრემიერი - ფაშინიანს არა მოლაპარაკებები, არამედ საკუთარი მოთხოვნების კარნახი სურდა
სომხეთის ვიცე-პრემიერი - ფაშინიანს არა მოლაპარაკებები, არამედ საკუთარი მოთხოვნების კარნახი სურდა

სომხეთის ვიცე-პრემიერის კერნ კარაპეტიანის თქმით, ოპოზიციონერ ნიკოლ ფაშინიანს არა მოლაპარაკებები, არამედ საკუთარი მოთხოვნების კარნახი სურდა. ამის შესახებ კერნ კარაპეტიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ, სომხეთის მოქალაქეებს, იმედი გვქონდა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზას ვიპოვიდით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მხარეს, ბატონ ფაშინიანს, არა მოლაპარაკებები, არამედ საკუთარი მოთხოვნების კარნახი სურდა. ასეთ სიტუაციაში დიალოგი შედეგს ვერ გამოიღებდა, რადგან ერთ-ერთი მხარის პოზიცია თავიდანვე იყო დესტრუქციული“, – ნათქვამია სომხეთის ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

კარაპეტიანი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და სომხეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინონ.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან დღეს გაიმართა. მოლპარაკებები მალევე უშედეგოდ დასრულდა, პრემიერმა შეხვედრა დატოვა. სარგსიანს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხის ხელში გადავიდა და სომხეთის მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს. სომხური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ერევანში ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს.